პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო
მანძილი ბათუმიდან: 25 კმ
მანძილი ჩაქვიდან: 15 კმ
გზის საფარი: ასფალტირებული / გრუნტოვანი
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250 მ
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივი
მტირალას ეროვნული პარკის მარშრუტი იწყება დაბა ჩაქვის ცენტრიდან. მდინარე ჩაქვისთავის ხიდთან შეგხვდებათ მანიშნებელი, სადაც გადაუხვევთ სოფელ ხალას მიმართულებით. დაბა ჩაქვიდან 15 კმ.-ში სოფელ ჩაქვისთავში ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს. გზაზე, ცენტრში მისვლამდე, არაერთი საპიკნიკე, საბანაო და კვების ობიექტი შეგხვდებათ. ლაშქრობის დაწყებამდე შეგიძლიათ ვიზიტორთა ცენტრში შეისვენოთ, დაათვალიეროთ საგამოფენო დარბაზი, საჭიროების შემთხვევაში აიყვანოთ გიდი ან იქირაოთ სალაშქრო აღჭურვილობა.
პარკში არის ორი სხვადასხვა სირთულის ტურისტული ბილიკი:
ბილიკი №1 „წაბლნარი“
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო
პერიოდი: მაისი - ოქტომბერი
წრიული ბილიკის სიგრძე - 7კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 260 - 445 მეტრი
სირთულე - მარტივი
წაბლნარის წრიული ბილიკი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ხეობას. ბილიკის დასაწყისში გვხვდება მექანიკური საბაგირო, რომლის საშუალებითაც გადახვალთ მდინარის მეორე ნაპირზე და გზას ჩანჩქერის მიმართულებით განაგრძობთ. მარშრუტის ამ მონაკვეთზე უხვად შეგხვდებათ როდოდენდრონის ბუჩქები, რომლის ყვავილობაც ულამაზესი სანახაობაა. 1,5 კმ-ის გავლის შემდეგ გვხვდება ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემალური გართობის მოყვარულებს შეუძლიათ დაეშვან ხეებზე გაბმულ ბაგირებზე. ზიპ-ლაინიდან რამდენიმე მეტრში გზა იყოფა ორი მიმართულებით: თუ მხოლოდ ტბასთან აპირებთ მოხვედრას, შეუხვევთ მარცხნივ, ხოლო თუ ჩანჩქერის მონახულებაც გსურთ, გზას გააგრძელებთ მარჯვნივ და 1,5 კმ-ს გავლის შემდეგ მოხვდებით ჩანჩქერთან, რომლის სიმაღლეც 15 მეტრს აღემატება. უკან დაბრუნებისას, ჩანჩქერიდან ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, მოხვდებით ტბასთან, სადაც მოწყობილია საპიკნიკე ადგილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქ შეძლებთ მოაწყოთ პიკნიკი ველურ ბუნებაში, დაანთოთ ცეცხლი და იბანაოთ ტბაში.
ბილიკი №2 ცივწყარო
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო
ხანგრძლივობა - 2 დღე
პერიოდი ივნისი - სექტემბერი
წრიული მარშრუტის სიგრძე - 16 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 260-1250 მეტრი
სირთულე- საშუალო
ცივწყაროს ბილიკი წაბლნარის ბილიკთან შედარებით უფრო რთულია და ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულთათვის არის განკუთვნილი. ორდღიანი მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე სრულდება . ბილიკის დასაწყისში გაივლით კოლხური ტიპის ფართოფოთლოვან შერეულ ტყეს. მრავალფეროვანი მცენარეული საფარის გარდა, ბილიკზე მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენელთა ნაკვალევსაც წააწყდებით.
მარშრუტის გავლისას, გზად გხვდებათ ბუნებრივი წყაროები. ბილიკის მე-9 კმ.-ზე ვიზიტორებისათვის 8 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარია მოწყობილი. აქვეა ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები. ბილიკის ბოლო ნაწილში ტყის 70% წიფლნარია. რეკომედებულია მარშრუტზე რეინჯერთან ან გიდთან ერთად მოგზაურობა.
ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტირალას ეროვნული პარკის მიმართულებით სისტემატიურ რეჟიმში არ მოძრაობს, ამიტომ, გთავაზობთ ეროვნულ პარკში ტრანსპორტირების სხვადასხვა ვარიანტებს:
სამარშრუტო ტაქსი
მიმართულება: ბათუმი - ჩაქვისთავი (მტირალას ვიზიტორთა ცენტრი)
სიხშირე: ორშაბათი, პარასკევი
ხანგრძლივობა: 45 წთ
საფასური: ბათუმიდან - 5 ლარი, ჩაქვიდან 2,5 ლარი
გასვლის ადგილი: ბათუმის ავტოსადგური
გასვლის დრო: 09:00 /15:40
დაბრუნების დრო: 10:40 / 17:00
მიმართულება: ბათუმი - ხალა (მტირალას ვიზიტორთა ცენტრამდე 7 კმ)
სიხშირე: ყოველდღე
გასვლის დრო: 08:30;11:30;14:30;17:50
დაბრუნების დრო: 09:20; 12:20; 15:20; 18:30
მგზავრობის ფასი: 1ლარი
გამგზავრება აგრეთვე შესაძლებელია ბათუმიდან (კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან) ჩაქვამდე, ქობულეთში მიმავალი სამარშრუტო ტაქსით (ფასი: 1 ლარი). ხოლო ჩაქვიდან მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრამდე გზას გააგრძელებთ ტაქსით (ფასი: მხოლოდ აყვანა 20-30 ლარი. აყვანა, დალოდება და ჩამოყვანა 50-60 ლარი)
პარკში მოხვედრის ყველაზე მარტივი მეთოდია ტაქსით ( 80-100 ლ) ან ორგანიზებული ტურით მგზავრობა. ტურისტული სააგენტოების საკონტაქტო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ან ვებგვერდის gobatumi.com მეშვეობით.
ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები
მტირალას ეროვნული პარკის სერვისებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ საიტზე nationalparks.ge
ადმინისტრაციული განყოფილება: (+995) 577 64 04 75.
ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩა №13.
მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ ...
მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის საერთო ...
აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუამთის ტბებიდან ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკი საქართვ ...
მარშრუტის ტიპი: შერეული- საცხენოსნო, საველოსიპედე, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალ ...
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...
მარშრუტის ტიპი: წრიული;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნო, საველოსიპედო;მა ...