ოთხი სეზონის აჭარა

როდის ვეწვიო აჭარას?

აჭარა შავი ზღვისა და კავკასიის მთებს შორის მდებარეობს. რეგიონი მდიდარია ეკლესიებითა და ციხე-სიმაგრეებით,გამორჩეულია მთის ლანდშაფტით, უგემრიელესი ღვინით, უნიკალური სამზარეულოთი, მეგობრული და სტუმართმოყვარე მაცხოვრებლებით. აჭარის რეგიონი ტურისტებისათვის საინტერესო და მიმზიდველია  მთელი წლის განმავლობაში!

არ არსებობს ამ რეგიონის მოსანახ ულებლად შეუფერებელი დრო. თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის წყალობით, მას აქვს ტენიანი, ზღვისპირა სუბტროპიკული კლიმატი. ზაფხული ძირითადად ცხელი და ტენიანია, ხოლო ზამთარი საკმაოდ თბილი.  ტემპერატურა ზაფხულში +25-35 გრადუსებს შორის მერყეობს, ზამთარში საშუალო ტემპერატურა არის  +8. საშუალო ტენიანობა კი 70-80 %-ს შეადგენს. მაშინაც კი, როდესაც მთის მწვერვალები თოვლითაა დაფარული, შავი ზღვის სანაპიროზე სასიამოვნო, თბილი ამინდია.

ამიტომ, თუ გაინტერესებთ, წელიწადის რომელი დროა საუკეთესო აჭარის მოსანახულებლად, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ამ რეგიონს  წელიწადის ნებისმიერ დროს ეწვიოთ.

გაზაფხული

გაზაფხულის გრძელ დღეებში,  აჭარაში ჩამოსულ დამსვენებლებს მეტი დრო აქვთ ულამაზესი საზღვაო სანაპიროს, ბულვარისა და აჭარის მთების სანახავად. გაზაფხულზე რეგიონი იღვიძებს: ქალაქი, მთები, მინდვრები, ბაღები, ქუჩები ფერადდება, ცოცხლდება და ივსება სასიამოვნო სურნელით. ამინდი არის არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი. წელიწადის ამ დროს, საკმაოდ ხშირია წვიმები, ამიტომ, რეკომენდებულია ბარგთან ერთად საწვიმრისა და ქოლგის თან ტარება.

ზაფხული

ზაფხული აჭარაში ყველაზე აქტიური და დატვირთული პერიოდია, ფერადი შოუ-პროგრამები და ფესტივალ/კონცერტები მთელ რეგიონს მოიცავს. ზაფხულში ბათუმში შესაძლებელია დაისვენოთ ზღვის სანაპიროზე და ამავდროულად იმოგზაუროთ აჭარის ულამაზეს მთებში. აჭარის რეგიონი რამდენიმე ზღვისპირა საკურორტო-სანაპირო ზონას აერთიანებს, ესენია: სარფი, კვარიათი, გონიო, ბათუმი, ჩაქვი და ქობულეთი. ტემპერატურა ზაფხულში 25-35 გრადუსია. თუმცა, გასათვალისწინებლია ფაქტი, რომ სანაპირო ზონა შესაძლოა ძალიან ტენიანი იყოს მათთვის, ვინც არ არის შეჩვეული სუბტროპიკულ კლიმატს.

შემოდგომა

შემოდგომა კიდევ ერთი ჯადოსნური და პოპულარული პერიოდია აჭარაში სამოგზაუროდ: ფერადი მრავალსაუკონოვანი ხეები, ფოთოლცვენა, შემოდგომის ულამაზესი ფერები, მოსავლის აღება და სასიამოვნოდ თბილი ტემპერატურა. ადგილობრივების აზრით, აჭარაში, ზღვაზე დასასვენებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი სექტემბერია, ამის  ძირითადი მიზეზი კი სწორედ ამინდია. თბილი დღეები აქ, სუბტროპიკული კლიმატის წყალობით, ოქტომბრამდე გრძელდება, რომელიც საუკეთესო პირობას ქმნის როგორც ზღვაზე დასასვენებლად, ასევე აჭარის სოფლებში სამოგზაუროდ და ღვინის მარშრუტების მოსანახულებლად.

ზამთარი

საახალწლო განწყობისა და მღელვარების მიღმა, ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი წელიწადის დროა. ტემპერატურა იშვიათად თუ ჩამოდის 0 გრადუსს ქვემოთ, მაგრამ მთები აქ ნოემბრიდან აპრილამდე თოვლითაა დაფარული. სწორედ ამიტომ, მაღალმთიანი აჭარა იდეალური ადგილია ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სათხილამურო სპორტითაა გატაცებული.

ამინდის პროგნოზი
BATUMI WEATHER
გაზაფხული - გალერეა
5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ აჭარას გაზაფხულზე

ისარგებლებთ ფასდაკლებებით განთავსების ობიექტებზე;

არ დაგეკარგებათ დრო რიგში დგომაში, უფრო მეტ დროს გაატარებთ მუზეუმებსა და სხვა ღირშესანიშნავ ადგილებში;

ისიამოვნებთ მაგნოლიების სურნელითა და კამელიების ფერადოვნებით ბათუმის ქუჩებში სეირნობისას;

დააგემოვნებთ უნიკალურ და უგემრიელეს მარწყვს მაღალმთიანი აჭარის სოფლებში;

წელიწადის ამ დროს ფრენები გაცილებით იაფია.

ზაფხული - გალერეა
5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ აჭარას ზაფხულში

დაესწრებით ფერად ფესტივალებსა და მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებს;

გამოსცდით თავგადასავლებს და ისიამოვნებთ ჯომარდობით აჭარის მდინარეებზე;

იმოგზაურებთ მთიან აჭარაში ველოსიპედებით ან ფეხით და დატკბებით არაჩვეულებრივი ბუნებითა და ხედებით;

ისიამოვნებთ წყლის აქტივობებით, როგორიცაა კლდიდან ხტომა, ჩანჩქერებში, მთის ტბებსა და სუფთა მდინარეში ბანაობა;

შეგეძლებათ წახვიდეთ სალაშქროდ ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე.

შემოდგომა - გალერეა
5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ აჭარას შემოდგომაზე

დაესწროთ ფესტივალს „ განდაგანა“ , რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ ადგილობრივი ტრადიციები და იმოგზაუროთ აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად;

მიიღოთ მონაწილეობა ციტრუსის კრეფის პროცესსა და რთველში;

დააკვირდეთ მილიონობით გადამფრენ ფრინველს სხვადასხვა სათვალთვალო პლატფორმიდან;

მთიანი აჭარის რომელიმე სოფელში, ღია ცის ქვეშ მოუსმინოთ ადგილობრივ ფოლკლორს;

დააგემოვნოთ უგემრიელესი სეზონური კერძები და ხილი.

ზამთარი - გალერეა
5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ აჭარას ზამთარში

ისიამოვნოთ თხილამურებითა და სნოუბორდით ისეთ ზამთრის კურორტებზე, როგორებიცაა გოდერძი და გომარდული;

დაისვენოთ ზამთრის არდადეგებზე მშვიდ და ლამაზ გარემოში აჭარის რომელიმე სოფელში;

გაატაროთ დაუვიწყარი ახალი წელი ქართული ტრადიციებით;

ისწავლოთ უგემრიელესი, ქართული საახალწლო კერძების მომზადება;

შეცივებისას გათბეთ უგემრიელესი, სახლში დამზადებული ჭაჭით.