კურორტები

აჭარა გამორჩეული რეგიონია თავისი მრავალფეროვანი ბუნებით და კონტრასტული ლანდშაფტებით. ის ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც ყველა გემოვნების და მოთხოვნილების ადამიანი იპოვის მისთვის სასურველ ადგილს, ზღვის სანაპიროზე თუ მაღალმთიანეთში.

ამ რეგიონში სტუმრობისას, წლის ნებისმიერ სეზონზე განსხვავებული შეგრძნებები დაგეუფლებათ. ვისაც სიცხე დისკომფორტს უქმნის, დასვენების დღეები შეუძლია აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე კურორტებზე, სუფთა ჰაერზე, წიწვოვანი ტყეების სიგრილეში გაატაროს.

ბეშუმი- მაღალმთიანი აჭარის  კურორტია. ის ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1850-2000მ.-ზე მდებარეობს, ბათუმიდან 120 კმ.-ში. მთის ფერდობზე განლაგებული ხის კოტეჯები, კურორტს ავთენტურ იერსახეს უნარჩუნებს. კურორტზე ბევრი საპიკნიკე და საკარვე ადგილია, ასევე შესაძლებელია საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასვლო ტურების მოწყობა. მათთვის, ვისაც ფეხით სიარული, ლანდშაფტზე დაკვირვება და ადგილობრივთა ყოფის ახლოდან ნახვა აინტერესებს, მსგავი ალპური ადგილების მონახულება იდეალური გადაწყვეტილება იქნება.

აჭარაში მოგზაურობა არა მხოლოდ ზაფხულშია მიმზიდველი, განსაკუთრებით სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარებთ დროს ზამთარში. კურორტი გომარდული ზღვის დონიდან 1120 მ.-ზე მდებარეობს. ის შუახევის ცენტრიდან 8 კმ.-ითაა დაშორებული, ბათუმიდან კი 65 კმ.-ით. საკურორტო სოფელში ძირითადად პატარა ხის სახლები და საოჯახო ტიპის სასტუმროებია, სადაც  ღამისთევასაც შეძლებთ და  ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებთ

მაღალმთიან აჭარაში,  გოდერძის უღელტეხილზე მდებარე კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2350 მ.-ზე მდებარეობს, ბათუმიდან 105 კმ.-ის დაშორებით. რეგიონში, კურორტ გოდერძის  ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს, რომლის საერთო სიგრძე 8 კმ.-ია. მუშაობს ორი სახის საბაგირო გზა- რვა ადგილიანი გონდოლა და ექვს ადგილიანი ბაბლი. 

სამთო-სათხილამურო კურორტებზე გატარებული დღეები, გარდა თოვლში სრიალისა, ახალ თავგადასავლებსაც გპირდებათ. ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებში გულითადი მასპინძლები გელიან, რომლებთან ურთიერთობით თქვენთვის უცნობ ადათ-წესებს გაეცნობით და „ფეჩის“ ძირში გახსენებული ძველი ამბების მომსწრენიც გახდებით.  

 

კურორტები

იხილეთ აჭარის ულამაზესი კურორტები