კულტურა
თუ ის ხარ, ვინც ყოველთვის ცდილობს დააგროვოს ახალ-ახალი შეგრძნებები, თავგადასავლები და ვინც ყოველთვის ცდილობს აღმოაჩინოს ახალი, ჯერ უცნობი საქართველო, ეს ბლოგი და მიმართულება შენთვისაა. ჩაალაგე ბარგი, მოიმარაგე თბილი ტანსაცმელი, წყალი და აიღე გეზი ხიხანის ციხისკენ.
იმისთვის, რომ უკეთ დაგეგმო შენი თავგადასავალი, გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს, რაც აუცილებლად უნდა იცოდე ამ მიმართულებაზე:
რა გელოდება წინ:
სავარაუდოდ, უკვე გაქვს გარკვეული სახის გამოცდილება ლაშქრობაში. თუ ასეა, უნდა იცოდე, რომ გამოცდილება, რომელიც სიმწვანეში ჩაფლული ხიხანიდან გაგყვება, არასდროს დაგავიწყებს თავს.
ეს არის 1,5 კილომეტრი აღმართი, რომელიც ერთიანად მოგგვრის სიმშვიდეს და განგაწყობს საბრძოლველად. ამ შემთხვევაში, მთავარი მტერი შენი სხეული და ფეხებია, რომელსაც არცერთი წამით არ უნდა მისცე საშუალება მოდუნდნენ და უარი გათქმევინონ შენს მიზანზე - მოხვდე მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ უმაღლეს და ულამაზეს წერტილში. დატკბე, როგორც ბუნების მრავალფეროვნებით, ასევე საკუთარი თავით, რადგან ეს შენ ხარ, ვინც აისრულე ჩანაფიქრი.
მრავალი ბუჩქი მოცვის, ხის მორისა და ქვის ლოდის შემდეგ, შენ იქ ხარ, სადაც უნდა იყო. თვალწინ გეშლება თვალუწვდენელი სამყარო და ხვდები, რომ ის ემოცია, რაც ხიხანის ციხის კოშკიდან გადმოხედვისას გეუფლება, მთლიანად აღემატება იმ ძალისხმევასა და გარჯას, რაც იქ მოხვედრისთვის გადაიტანე.
ეს არის გამოცდილებით, შეგრძნებებით, სიახლეებით დატვირთული, მწვანე სამოთხე, ზღვის დონიდან 2635 მეტრზე, ღრუბლებთან ძალიან ახლოს!