კულტურა

„ეს სიმღერა ძველებური, აჭარული, ჩვენებური“... სიმღერის ტრადიცია აჭარაში

 „ეს სიმღერა ძველებური, აჭარული, ჩვენებური“... სიმღერის ტრადიცია აჭარაში

„სიმღერას ნუ დამინგრევ და თუ გინდა სახლი დამინგრიეო“ - იტყოდა აბდულ ბოლქვაძე, ჩვენი კუთხის ერთ-ერთი გამორჩეული ლოტბარი და მომღერალი. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ აჭარლებს სიმღერის მიმართ ყოველთვის, ასე უყვარდათ და ეფერებოდნენ.

 

ჩვენში გავრცელებული იყო  შრომის, საფერხულო, საქორწინო, სუფრული, სამგზავრო, საისტორიო-საგმირო სიმღერები. მრავლადაა ორხმიანი და ორგუნდიანი სიმღერები. აჭარაში მღეროდნენ  სიმინდის რჩევის, თოხნის, მატყლის ჩეჩვის დროს. შრომაში სიმღერა ხალისს  მატებდა გლეხს  და შრომაც იოლდებოდა. ნადში მომღერალი პრივილეგირებული იყო, შეეძლო არც ემუშავა, ოღონდ სიმღერა ემღერა. დღესაც დაიტრაბახებს აჭარაში გლეხკაცი „ბაბუაჩემის გარეშე ნადი არ ჩაივლიდა, ისე მღეროდაო“.

 

ჩვენი კუთხე გამორჩეულია  „საცეკური“ სიმღერებით. „ვოსა“,  „ევრიდა მასპინძელსა“, „ჩაგუნა“ და ბევრი სხვა... მსგავსი სიმღერები იწყება ნელა და გადაეხვევა ჩქარზე. მხარეები ეჯიბრებიან ერთმანეთს, მღერიან სახეღიმილიანები და გახარებულები, აჩქარდება თუ არა სიმღერა, ბაბუსკენ გაიხედავენ ახალგაზრდები და ისიც შემოვა წრეში და ჩამოუვლის. ამით მოხუცი კიდევ ერთხელ ახსენებს შვილიშვილებს რომ გაბედონ ცეკვა-სიმღერა, გაბედონ და არასდროს არ დაკარგონ... მერე ჭიბონიც გაიბერება და მისი საოცარი ხმა მთელს სოფელს გააყრუებს, აქ უკვე ახალგაზრდებიც გადმოხტებიან და ჭიბონზე დამღერებულ სიმღერებს ცეკვას აუყოლებენ. მალე შაირიც იწყება, ქალების შაირს ვაჟები პასუხობენ და სხვა არაფერი ისე არ შვენის სოფელს, როგორც - სიმღერა.

 

მიდიოდნენ უხუცესები და თან მიჰქონდათ ჩვენი კუთხის მარგალიტები. სოფელში სულ უფრო და უფრო ნაკლებათ ისმოდა სიმღერა. ნადს გადახედავდა მოხუცი და წამოცდებოდა გულნატკენს ,,რა გჭირან ჭო, ამდენი სული ხართ სიმღერას არ იტყვითო?“ და გაახსენდებოდა ის ახლო დრო როცა მაყრულში მოპასუხე უკვე ,,აღარ იყო“ და ქორწილში შეცილებისას სიმღერას პირველ გუნდში რომ მორჩებოდა, მეორეში გადაირბენდა და იქედან პასუხობდა ..გამორთმეულით“ თავის თავს... ასე ინახავდა სიმღერის შესრულების წესს აჭარელი გლეხი სანამ სრულად არ დაიცალა სოფელი ძველი მომღერლებისგან...

 

აჭარაში ყველა სოფელში იყვნენ მომღერლები. უბრალოდ ზოგიერთმა ხეობამ უფრო შემოინახა და ჩვენამდე მოიტანა ხალხური სიბრძნე. ახალგაზრდებსაც ნელა შეეპარათ სიმღერის სიყვარული და ბაბუს მორიდებულ თხოვნას – „მოით ჭო, სიმღერა გასწავლოთო,“ სულ უფრო და უფრო ხშირად ეთანხმებოდნენ. ისმენდნენ და სწავლობდენ,  „დამწყებს“  „წვრილი“ აყვებოდა,  ზოგი ბანს იტყოდა, ზოგიც - „გამყოლს“ შეაპარებდა. აჭარულ სიმღერას ტექნოლოგიურმა სიახლეებმა სულზე მოუსწრო... ისინი ჯერ  ლილვაკებზე, შემდეგ მაგნიტოფირებზე ჩაიწერეს, ასე გადავიდნენ სოფლიდან  სხვადასხვა არქივებში და ელოდებოდა  დაბრუნებას  ისევ სოფლად... ის, რაც მოხუცს აღარ ახსოვდა, ახალგაზრდებმა გაახსენეს ჩანაწერებიდან... უხუცესებმა ,,ხოშიმინმა“ და ხასან ბაბუმ იცნეს ნახევარი საუკუნის წინ ჩაწერილი თავისი ხმა და სახე მზიებით აევსოთ. ასე დაიწყო დედაქალაქმა სოფლისთვის ვალის დაბრუნება, დაიწყო სოფლის ამღერება და ასე გადარჩა და გრძელდება სიმღერის ტრადიცია.

 

თუ ერთხელ იმღერე ჩვენებური სიმღერა და გამოგივიდა, დამთავრებულია შენი საქმე. თან იცი, რომ წინაპრებთან კავშირს არ კარგავ, სიმღერაც საოცრად გახალისებს და გაბედნიერებს. ძნელია, სრულიად გადმოსცე სიმღერისას თვალზე ცრემლმომდგარი ფიქრები.  სოფელი სიმღერით სუნთქავდა და სიმღერით აცოცხლებდა სოფელს... დღესაც, ადგილობრივთა ნამღერი ისმის ხეობებსა თუ ჩახრახებში  და წინაპართა სულებიდანაც იღვრება მადლი და სიყვარული...       

ირაკლი სირაბიძე


კომენტარები