აღწერა

ხალხური გადმოცემის თანახმად, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ტბას, რომელსაც ტბიყელი ეწოდება, ადრე ზღვის მოსაწყვეტელს ეძახდნენ, აქედან შავი ზღვის სანაპირო კარგად ჩანს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს სახელიც სწორედ ამიტომაც შეარქვეს წინაპრებმა. თუ დააკვირდებით ტბას გულის ფორმა აქვს, რაც სანახაობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ტბიყელის ტბას ერთი საინტერესო ლეგენდაც უკავშირდება. როგორც ამბობენ ტბაში ერთი ცხოველი ბინადრობდა, რომელიც ყოველდღე ტბიდან ამოდიოდა და მინდორზე ხარს საღამომდე ეჭიდებოდა. ხარი  საძოვრიდან ყოველდღე დაღლილი ბრუნდებოდა, რამაც დააინტერესა მისი ხინოელი პატრონი გოლა დედე მახარაძე და ერთხელ სხვა სოფლელებთან ერთად უკან გაჰყვა. დაინახა რა რაც ხდებოდა, მის ხარს რქებზე მახვილი გაუკეთა. ამის შემდეგ ცხოველი არ გამოჩენილა. ხალხმა  ტბის ამოშრობა და ცხოველის ნახვა გადაწყვიტა, თუმცა ყოველი მცდელობისას კოკისპირული წვიმდა მოდიოდა. ბოლოს ადგილობრივებს ეს ღვთიურ წყრომად მიუჩნევიათ და სამუშაოებიც შეუჩერებიათ.

ეს ტბა გამორჩეულია იმითაც, რომ აქ ბინადრობს წითელ ნუსხაში შეყვანილი კუდიანი ამფიბიის წარმომადგენელი კავკასიური ტრიტორნი. ტრიტონის მოსანახულებლად შესაძლებელია საფეხმავლო და საცხენოსნო ტურისტული, ტბიყელის ტბის მარშუტის გამოყენება, რომლის მთლიანი სიგრძე 14 კილომეტრია და  ხინოწმინდადან იწყება. დაცული ტერიტორიების სწორედ ამ მარშუტზეა ზღაპრულ ღრუბლების თავზე ამაყად მდგომი ტურისტული თავშესაფარი, რომლიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მთლიანად აჭარა-გურიის მთათა სისტემებზე.

 

მუნიციპალიტეტი:
ქობულეთი

 

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ქობულეთი,
მის: კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ

 

სერვისები და ფასები:
უფასო, შესაძლებელია ტბასთან დაბანაკება ღამის გასათევად, პიკნიკი ან ტბაზე ნავით გასეირნება.