მარშრუტის სირთულე: მარტივი
მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედე;
მარშრუტის საერთო სიგრძე: 41 კმ.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 2-3 დღე.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 2000-2340 მ.
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული
მარშრუტი აქტიურია გვიანი გაზაფხულიდან სექტემბრის დასაწყისამდე.
მარშრუტი ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს - შუახევსა და ხულოს აკავშირებს ერთმანეთთან ისე, რომ ტურისტებს არ უწევთ ბათუმი- ახალციხის ცენტრალური მაგისტრალით მოძრაობა. მარშრუტის დიდი ნაწილი აჭარის სოფლებსა და ალპურ საძოვრებზე (იაილებზე) გადის. მარშრუტის დაწყება შეიძლება, როგორც ჩირუხის (შუახევი), ასევე გოდერძის უღელტეხილის მხრიდან.
ალპური მარშრუტი ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი იწყება ჩირუხის იაილებიდან (შუახევის მუინიციპალიტეტი), რომელიც ბათუმიდან 92 კილომეტრითაა დაშორებული. მარშრუტი მიუყვება ალპურ ზონას და სრულდება გოდერძის მაღალმთიან უღელტეხილზე, (2025 მ. ზღვის დონიდან) ხულოს მუნიციპალიტეტში.
მარშრუტის დასაწყისშივე იშლება მთებისა და ალპური საძოვრების პანორამული ხედები მემთეურების ხის პატარა სახლებით, რომლებშიც ღამისთევა და წახემსებაა შესაძლებელი. აქაურ საოჯახო სასტუმროებში დარჩენა საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი ტრადიციების, სამზარეულოს, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გასაცნობად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მისაღებად.
ჩირუხის იაილებზე შეგხვდებათ ჩირუხის ტბა და ჩანჩქერი ჯინალი. მარშრუტი გრძელდება ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც ნახავთ ყარაგოლის ტბას, შუამთის ტბებსა და ალპურ მდელოებს. ხიხანის ციხის მონახულებამდე, ღამის გათევა შეგიძლიათ მიმდებარე სოფლებში- ბაკიბაკო ან ხიხაძირი.
მარშრუტის მთავარი დანიშნულების ადგილი ხიხანის ციხეა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის ისტორიაში. ის ზღვის დონიდან 2216 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. მარშრუტის გაგრძელებისას, განთავსება შეგიძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების- თხილვანასა და წიფლნარას მთის საძოვრებზე შეფენილ სეზონურ სახლებში.
მარშრუტი სრულდება გოდერძის უღელტეხილზე (ზღვის დონიდან 2025 მ.), სადაც შეგიძლიათ ნახოთ მწვანე ტბა და გოდერძის ალპური ბაღი.
მარშრუტის აღწერა გოდერძის უღელტეხილიდან
იგივე მარშრუტზე მოგზაურობა შესაძლოა გოდერძის უღელტეხილიდან დაიწყოთ, რომელიც ბათუმიდან 115 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მარშუტის დაწყებამდე კი მწვანე ტბასა და გოდერძის ალპურ ბაღსაც მოინახულებთ.
ხიხანის ციხეზე ასვლამდე, შუამთის ტბები შეგხვდებათ, ღამით კი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში -თხილვანა, წიფლნარა, ბაკიბაკო და ხიხაძირი შეგიძლიათ დარჩენა. მარშრუტის გაგრძელებისას, მცირე ტბებსაც შეხვდებით, ხულოს მუნიციპალიტეტში- ტბა ყარაგოლი, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში - ჩირუხის ტბა.
მარშრუტი სრულდება ალპურ საძოვრებზე - ჩირუხის იაილებზე, საიდანაც იშლება პანორამული ხედები პატარა ხის სახლებით, რომლებშიც ღამისთევა და წახემსებაა შესაძლებელი. აქვე ნახავთ ჯინალის ჩანჩქერს.
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალისკენ მიმავალ გზაზე, მარეთის ხეობის გავლით, შეგიძლიათ დარჩეთ სოფელ დარჩიძეებისა და პაპოშვილების საოჯახო სასტუმროებში. სოფელ დარჩიძეებში მოინახულებთ XI-XIII საუკუნეების დარჩიძეების ციხეს, ახალაშენებულ ეკლესიას, სოფელ ოლადაურში ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მარშრუტის ბოლოს კი ოქროპილაურის ციხეს (XI-XIII).
ტრანსპორტი
მარშრუტზე სასურველია იმოგზაუროთ მაღალი გამავლობის ავტომანქანით 4×4, ან ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან გადის (მის: მაიაკოვსკის №1) სოფელი პაპოშვილებისა დარჩიძეების მიმართულებით; ღამე დარჩებით სოფელ პაპოშვილებში ან დარჩიძეებში მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში. ადგილზე დაიქირავებთ მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ან თუ ფიზიკურად კარგად ხართ მომზადებული, გზას გააგრძელებთ ფეხით, სურვილის შემთხვევაში კი ველოსიპედით.
ავტობუსი ბათუმი-შუახევი გადის ყოველდღიურად, 07:50-18:50, ყოველ ნახევარ საათში, ფასი 4- ლარი.
სამარშრუტო მიკროავტობუსი ბათუმი- დარჩიძეები მოძრაობს კვირაში ორჯერ: სამშაბათი, პარასკევი 14:00, ფასი 6 ლარი.
ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დაბა შუახევიდან თეთრობისა და ჩირუხის მთების მიმართულებით, კვირაში ერთხელ, წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, სამარშრუტო მიკროავტობუსი დადის. მგზავრობა უფასოა.
რეკომენდაციები:
წყალი შეგიძლიათ მოიმარაგოთ სოფლებში და იაილებში;
თუ თქვენ ავტომობილით გამგზავრებას გადაწყვეტთ, საჭიროა გამოცდილი მძღოლი და მანქანა 4X4;
ამინდი მთებში ხშირად იცვლება და განსაკუთრებით ხშირია უეცარი ნისლის ჩამოწოლა.
ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
+995 577 90 90 93/ +995 577 90 90 15
ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტებიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე: www.visitajara.com
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 112 (ემერჯენსი)
მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ ...
მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული: ბათუმი - სოფელი ზედა ჩხ ...
მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 9,5 კმ.ასფალტირებული გზა - 6.8 ...
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...
მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104,3 კმ. ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ. ...
მარშრუტის საერთო სიგრძე - 45 კმ; საავტომობილო მონაკვეთის სიგრძე-11კმ; საფეხმავლო მონაკვეთის სიგრძე ...