კულტურა
თუ კი ვინმე გეტყვით, რომ აჭარაში ყველგან ქვის თაღოვანი ხიდებია, თამამად შეგიძლიათ ცრუპენტელა უწოდოთ და სოფელ ხაბელაშვილებში გააგზავნოთ.
ხაბელაშვილების ხის ხიდი რამდენიმე საუკუნის წინ ჭვანის ხეობის სოფლების ხულოსთან დასაკავშირებლად აიგო, თუმცა ისეთი ჯადოსნური შესახედაობა აქვს, თითქოს გნომების სოფლისკენ, ფერიების დასახლებისკენ ან სულაც ჰობიტონისაკენ მიგიძღვება.
ხიდი თავდაპირველად ყავრით იყო გადახურული, მაგრამ შემდგომ ეს ყავარი ისე მოძველდა, როგორც თავად სიტყვა "ყავარი", ამიტომ დაზიანებული სახურავი მეოცე საუკუნეში თუნუქით ჩაანაცვლეს. ახალი სახურავი დღეს წაბლისა და მუხისგან ნაგებ ხიდს ეყრდნობა, ხიდი - ქვის ბურჯებს, ქვის ბურჯები - დედამიწას, დედამიწა კი, ალბათ, ნიუტონის ეჭვებს - გრავიტაციის შესახებ.
ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში, ჭვანის ხეობაში მდებარეობს. ხიდი ავთენტურია და თავისი მახასიათებლებით, არქიტექტურით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებით, ასევე გადახურვით უიშვიათესია საქართველოში. მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: თელა - კოჭებად, წაბლი- მალებად, მუხა -საყრდენ ბოძებად და ურთხველა სახურავის ქვეშ. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით ხიდი 300 წლის წინ აუშენებიათ. მისი სიგრძე 25 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე კი 1.20 მეტრი.
ხიდი სიმწვანეშია ჩაფლული და მნახველზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ხიდთან მოსახვედრად ფეხით 500 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა მოგიწევთ, რომელიც მდინარეს მიუყვება. ხიდის სიახლოვეს მდინარის ნაპირზე არის საპიკნიკე ადგილები, ჩანჩქერი და მდინარეზე ჩამწკვრივებული ხის ძველი წისქვილები, რომლებსაც ადგილობრივები დღესაც იყენებენ.
თუ გსურთ ჭვანის ხეობა უკეთ გაიცნოთ, აქ მოგზაურობის დროს აუცილებელია ნახოთ ოთოლთას ციხე ( XI- XII სს), საიდანაც ჭვანის ულამაზესი ხედები იშლება, გაისეირნოთ ჭვანის ქვის თაღოვან ხიდზე (XVIII ს), რომელიც ერთ-ერთმა მკვიდრმა ქალბატონმა მზითევის თანხით ააგო. დააგემოვნოთ წყლის წისქველზე დაფქვეული სიმინდით მომზადებული უგემრიელესი მჭადი და ჭვანის ხეობის ცნობილი თაფლი. თუ რამდენიმე დღე გაქვთ, მთა ჯვარიმინდორის დალაშქვრა, სადაც აგვისტოშიც კი იპოვით თოვლს და თან დაკრეფთ ბორცვებზე შეფენილ ალპურ ყვავილებს, სრულყოფილს გახდის თქვენს მოგზაურობას ხეობაში.
ტექსტი მომზადებულია სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მასალების გამოყენებით.