გოდერძის უღელტეხილი-ალმას იაილა-ნათელათის იაილა - ადგილი ჩუდუროული-სოფ. კიკიბო - ზარზმა - გოდერძის უღელტეხილი

მარშრუტის ტიპი: გამჭოლი,  საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო

მარშრუტის საერთო სიგრძე85 კმ

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საველოსიპედოდ -საშუალო, საფეხმავლოდ - მარტივი. 

მოგზაურობის ხანგრძლივობა: ავტომობილით - 1-2 დღე,

ველოსიპედით - 2-3 დღე

მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2440  მ
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა – ნაწილობრივი 
მარშრუტი აქტიურია- მაისიდან სექტემბრამდე.

გაფრთხილება:

მარშრუტზე მგზავრობისას, ყველანაირ ამინდში რეკომენდებულია, რომ მძღოლს ჰქონდეს რთულ რელიეფსა და მეტეო პირობებში გადაადგილების გამოცდილება. გზის გარკვეული მონაკვეთი, რომლებიც  მინდვრებზე, ფერდებზე და ტყეში გადის, მოცურების რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წვიმისას და ნაწვიმარზე.

ველოსიპედით მოგზაურობის შემთხვევაში, ტრანსპორტი მთასა და რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის განკუთვნილი უნდა იყოს.

 

მარშრუტის დახასიათება:

მარშრუტი ზღვის დონიდან 2025 მ-ზე, გოდერძის უღელტეხილზე იწყება, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი სასტუმრო მდებარეობს: „არსიანი“, „მეტეო“ და „მათეს ქოხი“. უღელტეხილი გზაგასაყარს წარმოადგენს: აღმოსავლეთით, გზა  ახალციხის მიმართულებით მიემართება, დასავლეთით- ბათუმისკენ, სამხრეთით-სოფ. ქვედა თხილვანასკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი- კურორტი ბეშუმისკენ.

მარშრუტი ჩრდილოეთის მიმართულებით,  ბეტონის გზას მიუყვება და 6,3 კმ-ში მწვანე ტბასთან ადის. ტბა საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად, დასასვენებლად თუ გასაგრილებლად. ახლო-მახლო მიდამოებში შესანიშნავი ადგილებია პიკნიკის მოსაწყობად. აქვე შესაძლებელია ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტის დაგემოვნება და ხელნაკეთი ნივთების შეძენა.

მწვანე ტბიდან მარშრუტი გრუნტის გზას მიუყვება, ორი კილომეტრის შემდეგ,  დიდაჭარის საზაფხულო იაილებს გაივლის და  ალმას საზაფხულო სადგომებთან მიდის. ამ ადგილიდან, მარშრუტი მკვეთრად იღებს სიმაღლეს,  ქვიან გზას მიუყვება და 2440 მეტრ სიმაღლეზე, ქედის თხემურ ნაწილზე ადის, საიდანაც ყველა მიმართულებით ულამაზესი ხედები  იშლება. მოგზაურებისთვის საინტერესო იქნება მიმდებარე ტერიტორიებზე გასეირნება. დაახლოებით 1,5 კმ-ში მდებარეობს მთა „ჭანჭახი“(2506მ). ქედიდან გზა დაღმა ეშვება, სამხრეთიდან ჩაუვლის   კვალიმინდვრის და კუნტულეთის იაილებს და ნათელათის იაილაში ჩადის. ზაფხულობით ამ ადგილებში მემთეურები ამოდიან, შესაბამისად, მოგზაურებს პროდუქტის, წყლის, დასვენების ან საჭირო დახმარების მიღების საშუალება ყოველთვის ექნებათ.

ნათელათიდან მარშრუტი დაბლა ეშვება, ტყეში შედის, ჩადის ადგილამდე, რომელსაც ჩუდუროულს ეძახიან და ამავე სახელწოდების მდინარის ხეობაში მდებარეობს. ჩუდუროული  გაშლილ ჭალას წარმოადგენს. იქვე, მიმდებარედ,  ორი იაილაა- ნასოფლარი და გორა, სადაც, სურვილის შემთხვევაში, მოგზაურებს შეუძლიათ ღამე გაათიონ, ისევე როგორც კარვებში- მდინარის პირას ან მინდორზე. უნალექო და თბილი ამინდის პირობებში, ღამისთევა ღია ცის ქვეშაც შესაძლებელია, კოცონთან.

ადგილი ჩუდუროული მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილია, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება წასვლა. აქ დღესასწაულებზე სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ხდება ხალხის შეკრება. ასევე იმართება სხვადასხვა ღონისძიება თუ დოღი.

ჩუდუროულიდან, მარშრუტი  მდ. ქვაბლიანის ხეობის ღერძულ ნაწილს მიუყვება და 11 კმ-ის შემდეგ, სოფ. კიკიბოში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) შედის. მარშრუტის ეს მონაკვეთი ყველაზე რთულია, რადგან გრუნტის ძველი საავტომობილო გზა,  ძირითადად ბალახითაა დაფარული და  ძნელი საპოვნელია, განსაკუთრებით ღამით. გზა რამდენიმე ადგილზე კვეთს მდინარეს. თუ  კოკისპირულად არ იწვიმა, მდინარე  ღრმა არ არის (30-50 სმ) და არც ძლიერი დინება აქვს, შესაბამისად, მისი გადალახვა მაღალი გამავლობის ავტომობილისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთის გავლა უმჯობესია დაღამებამდე მოხერხდეს.

სოფ. კიკიბოში  შუა საუკუნეების ეკლესიასა და კოშკის ნანგრევებს მოინახულებთ და ადგილობრივ პროდუქტებს  დააგემოვნებთ.

კიკიბოდან მარშრუტი  ნორმალურ გზას მიუყვება, გაივლის სოფლებს- დერცელი, ღაღვი, ციხისუბანი, მოხე, ჭეჭლა და სოფ. ზარზმაში ჩადის, სადაც ზარზმის მონასტერს (მე-14 ს.) მოინახულებთ. მარშრუტი აქედან ახალციხე-ბათუმის გზით,  გოდერძის უღელტეხილამდე ადის. ზარზმა-გოდერძის გზაზე, სოფელ უტკინო უბნიდან გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთზე, მიმდებარე კლდეებზე, განამარხებული ფლორის ფრაგმენტებს იხილავთ.

მარშრუტის გავლა შესაძლებელია საწინააღმდეგო მიმართულებითაც.

 

 

 

სხვა მარშრუტები

ხიხაძირი - შუამთის ტბები ...

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუამთის ტბებიდან ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკი საქართვ ...

ჩირუხი- შუამთის ტბები

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო, საველოსიპედემარშ ...

გოდერძის უღელტეხილი-ალმა ...

მარშრუტის ტიპი:   საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...

დაბა ხულო - სოფ. უჩხო - ს ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 9,5 კმ.ასფალტირებული გზა - 6.8 ...

მერისის ხეობა

    მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მან ...

ზამლეთი-ხიხაძირი-ჩირუხი-შ ...

მარშრუტის ტიპი: შერეული, საავტომობილო (მოკლე საფეხმავლო გადახვევებით);მარშრუტის სირთულე:&n ...